დახმარება

რა არის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი?

მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი შექმნა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი გაეხადა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემები. ეს ვებგვერდი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომლებიც არ იყენებენ სტატისტიკურ პროგრამებს და არ აქვთ მონაცემთა რთული ანალიზის უნარები, ააგონ დიაგრამები, სიხშირისა და კროსტაბულაციის ცხრილები და გააანალიზონ რამდენიმე ქვეყნის მონაცემები და დროითი მწკრივები.

რისი გაკეთება შემიძლია მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე?

მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე მონაცემთა ბაზები სამ სხვადასხვა მოდულშია დაჯგუფებული. მოდულს აირჩევთ იმის მიხედვით, რა ინფორმაციის მიღება გსურთ.

ერთი გამოკითხვის მონაცემთა ბაზების მოდულში შეგიძლიათ, გააანალიზოთ გამოკითხვის ერთი ტალღის მონაცემთა ბაზა ერთ ქვეყანაში (მაგალითად, კავკასიის ბარომეტრი, სომხეთი, 2013). მას შემდეგ, რაც აირჩევთ მონაცემთა ბაზას, შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო ცვლად(ებ)ი და ააგოთ სიხშირის ცხრილი და/ან დიაგრამა. ერთი გამოკითხვის მონაცემთა ბაზების მოდული არ აჩვენებს ქვეყნებს შორის განსხვავებას ან ტენდენციებს დროის განმავლობაში. თუმცა, შეგიძლიათ, გააანალიზოთ მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფები (მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფების, დასახლების ტიპის მიხედვით) და ააგოთ კროსტაბულაციის ცხრილები. კროსტაბულაციის აგების დროს გაითვალისწინეთ, რომ მოსახლეობის ძალიან პატარა ჯგუფის არჩევისას (მაგალითად, შერჩევის 5%-ზე ნაკლები) შედეგები შეიძლება, არ იყოს ზუსტი.

რამდენიმე ქვეყნის მონაცემთა ბაზების მოდულში შესაძლებელია, განსხვავებების დანახვა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთი გამოკითხვის ფარგლებში (მაგალითად, კავკასიის ბარომეტრი 2013). რეგიონული ბაზის არჩევის შემდეგ შეგიძლიათ, აირჩიოთ ცვლადი და ააგოთ სიხშირის ცხრილები და/ან დიაგრამები. ეს მოდული ქვეყნებს შორის განსხვავებების დანახვის საშუალებას გაძლევთ. თუმცა, აქ შესაძლებელი არ არის კროსტაბულაციების აგება.

გამოკითხვის დროითი მწკრივების მონაცემთა ბაზების მოდული საუკეთესო გზაა იმის დასანახად, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულებები დროის განმავლობაში. მონაცემთა ბაზის არჩევის შემდეგ შეგიძლიათ, აირჩიოთ ქვეყანა და თქვენთვის საინტერესო ცვლადი, შემდეგ კი ააგოთ ცხრილები და/ან დიაგრამები. დიაგრამებზე წარმოდგენილია სიხშირეები თითოეული წლისთვის და მათი შესაბამისი ტენდენციის ხაზები. რამდენიმე ქვეყნის მონაცემთა ბაზების მოდულის მსგავსად, დროითი მწკრივების მოდულში შესაძლებელი არ არის კროსტაბულაციების აგება.

რა არის ცვლადების გზამკვლევი?

ცვლადების გზამკვლევი არის ყველა ცვლადის ჩამონათვალი, რაც კონკრეტულ მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი. თითოეულ ცვლადზე ინფორმაცია მოიცავს შეკითხვის ზუსტ ფორმულირებას, როგორც ის რესპონდენტებს დაესვათ და პასუხის ვარიანტებს. საჭიროების შემთხვევაში მოცემულია შენიშვნები. მაგალითად, როცა პასუხის ვარიანტები დაჯგუფებულია მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდისთვის და შესაბამისად განსხვავდება კითხვარში მოცემული ჩამონათვალისგან, იწერება შენიშვნა. შენიშვნა ასევე მოყვება ცვლადებს, რომლებიც რესპონდენტების კონკრეტულ ქვეჯგუფს ეხება (შეკითხვა მხოლოდ მათ დაესვათ) და არა მთელს შერჩევას. გარდა ამისა, შესაძლებელია კითხვარის სრული ვერსიის ნახვა მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის ფაილების სექციაში.

როგორ მოვძებნოთ სასურველი საკითხი/კითხვა მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე?

თუ გჭირდებათ თქვენთვის საინტერესო საკითხზე დასმული კითხვების მოძებნა, გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია, რომელიც მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის ყველა მოდულშია მოცემული. სისტემა ეძებს საძიებო სიტყვას/ფრაზას კითხვების ტექსტში, პასუხის ვარიანტებში ან ცვლადის დასახელებაში. მაგალითად, თუ თქვენი საძიებო სიტყვაა „სამუშაო ადგილები“, საძიებო სისტემა გამოიტანს ყველა იმ ცვლადს, რომლის დასახელებაში, კითხვის ტექსტში ან პასუხის ვარიანტებში ნახსენებია ეს ფრაზა. ქართულ ენაზე ძიების დროს შეეცადეთ, საძიებო სიტყვა მისი ფუძით მოძებნოთ, მაგალითად, „სამუშ“.

რას მოიცავს ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ?

ყველა გამოკითხვას თან ახლავს ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ, რაც მოიცავს ძირითად ფაქტებს ამ გამოკითხვაზე - შერჩევის ზომას, დასრულებული ინტერვიუების რაოდენობას, გეოგრაფიულ არეალს, საველე სამუშაოების თარიღებს და ა.შ. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ გამოკითხვის დოკუმენტაცია და მონაცემთა ბაზები STATA და SPSS ფორმატში.

შემიძლია თუ არა მონაცემების ექსპორტი მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდიდან?

მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ, ჩამოტვირთოთ დიაგრამა PNG ფორმატით და ცხრილი CSV ფორმატით შემდგომი ანალიზისა და ვიზუალიზაციის გასაკეთებლად. ასევე, შეგიძლიათ დიაგრამა პირდაპირვე ჩასვათ თქვენს ბლოგში ან ვებგვერდზე (დააკოპიროთ დიაგრამის კოდი თქვენი ბლოგის ან ვებგვერდის HTML-ში).

შემიძლია თუ არა გამოკითხვების მონაცემთა საწყისი ბაზების ჩამოტვირთვა?

რა თქმა უნდა. თქვენ შეგიძლიათ, მონაცემთა ბაზები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია ჩამოტვირთოთ ფაილების გვერდიდან.

რა განსხვავებაა მონაცემთა საწყის ბაზებსა და მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის ბაზებს შორის?

მონაცემთა ონლაინ ანალიზისთვის გამოყენებული მონაცემთა ბაზები განსხვავდება მონაცემთა საწყისი ბაზებისგან STATA ფორმატში. ზოგი ცვლადის შემთხვევაში მონაცემთა ონლაინ ანალიზისთვის ცვლადების პასუხის ვარიანტები დაჯგუფებულია. ეს უმეტესად დიაგრამების ვიზუალურად გამარტივებისთვისაა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პასუხის ვარიანტების დაჯგუფებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ღია კითხვების შემთხვევაში (მაგალითად, „რამდენი შვილი გყავთ?“) პასუხის ვარიანტები დაჯგუფებულია ლოგიკურად (მაგალითად, შვილების რაოდენობის მაგივრად მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი აჩვენებს, რესპონდენტს შვილი ჰყავს თუ არა);
  • ზოგჯერ, მონაცემთა საწყისი ბაზების სკალები დაჯგუფებულია, რომ უფრო გამარტივდეს სკალების აღქმა მონაცემთა ონლაინ ანალიზის დროს. მაგალითად, 10-ბალიანი სკალები დაჯგუფებულია 5-ბალიან სკალად - სკალის 1-2 კოდები გაერთიანებულია, ასევე 3-4 კოდები და ა.შ.;
  • თუ ცვლადებს პასუხის ბევრი ვარიანტი აქვს, პასუხის ის ვარიანტები, რომელზეც პასუხების დაბალი მაჩვენებელია, გაერთიანებულია პასუხის ვარიანტში „სხვა“;
  • პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ხშირად გაერთიანებულია.

თუ მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე მოცემული ცვლადი განსხვავდება მონაცემთა საწყის ბაზაში არსებული ცვლადისგან, ცვლადების სახელმძღვანელოს, დიაგრამასა და ცხრილს მოჰყვება შენიშვნა.

საჭიროა თუ არა მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის მონაცემებისთვის წყაროს მითითება?

დიახ, საჭიროა მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის მონაცემებისთვის წყაროს მითითება. წყაროს მითითებისას გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ფორმატი:

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი. (მონაცემთა ბაზის წელი) „მონაცემთა ბაზის დასახელება - მაგ. კავკასიის ბარომეტრი“. აგებულია მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე - http://www.caucasusbarometer.org/ თარიღი

გთხოვთ, შეგვატყობინოთ თქვენი ნამუშევრის შესახებ, რომელშიც CRRC-ის მონაცემები გამოიყენეთ. საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია გვერდზე „ჩვენს შესახებ“.

როგორ მოვიქცე, თუ კიდევ მექნება კითხვები მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის შესახებ?

აუცილებლად მოგვწერეთ - ყველანაირად შევეცდებით თქვენს კითხვებს ვუპასუხოთ. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ გვერდზე „ჩვენს შესახებ“.